მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ბათუმში გაიმართება World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონია. World Travel Awards დაარსდა 1993 წელს მოგზაურობის, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა საკვანძო სექტორში წარმატების აღიარების აღსანიშნავად. დღეს World Travel Awards-ის (https://www.worldtravelawards.com/) ბრენდი გლობალურად არის აღიარებული. World Travel Award-ის ყოველწლიური გალა ცერემონიები ითვლება ყველაზე პრესტიჟულ წითელი ხალიჩის ღონისძიებებად მასპინძლობის ინდუსტრიისათვის. წლის განმავლობაში 6 კონტინენტზე ტარდება რეგიონალური დაჯილდოების ღონისძიებები, ხოლო წლის ბოლოს იმართება შემაჯამებელი, მსოფლიოს დიდი ფინალური ღონისძიება. თითოეულ ცერემონიაზე ხდება 150-ზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
სასიხარულოა ფაქტი, რომ ბათუმმა, ტურიზმის „ოსკარი“ როგორც „წამყვანი, სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება“ პირველად 2019 წელს World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე პორტუგალიაში კუნძულ მადეირაზე მიიღო. 2022 წელს ევროპის შემდეგ, ბათუმმა უკვე მსოფლიოს სწრფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე გაიმარჯვა. აღნიშნული პოზიტიური ტენდენციის დაგვირგვინებაა მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების 30-ე საიუბილეო წლის, ევროპის გალა ცერემონიის ბათუმში ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ გაზრდის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობას და ხელს შეუწყობს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიის ფარგლებში მოწვეული უცხოელი და ქართველი დელეგატებისთვის დაგეგმილია ჩვენი ქვეყნის და რეგიონის კულტურის, ტრადიციების, კულინარიისა და მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების პრეზენტაცია.
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოწვევით.