ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია 8000 წელს ითვლის. ყურძნის დაკრეფა, საწნახელში გადატანა, დაწურვა და შემდეგ ქვევრში მოთავსება დაუვიწყარი სანახაობაა. 5-6 თვის შემდეგ ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე ქვევრის საზეიმოდ გახსნა და ღვინის დაგემოვნება კი ნამდვილი ზეიმია დამსწრეთათვის. პროცესის უნიკალურობა იუნესკოს არ გამორჩენია და ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. სწორედ ამ ზეიმის თანამონაწილეობა გვინდა შემოგთავაზოთ ღვინის ტურით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც აჭარაში მეღვინეობის კერად არის ცნობილი და გამოირჩევა უნიკალური ყურძნის ჯიშებით, მათ შორის ცოლიკაურითა და ჩხავერით, რომელთა დაგემოვნებასაც შეძლებთ ტურის განმავლობაში.
ღვინის შერჩევისა და ქვევრიდან გადმოღების შემდეგ საქართველოში ქართულ სუფრას მიუსხდებიან ხოლმე, რომელსაც არაფორმალურ აკადემიასაც უწოდებენ, რადგან აქ თავს იყრის სტუმართმასპინძლობის ტრადიციის ყველა კომპონენტი ცეკვით, სიმღერით, უგემრიელესი კერძებით, დახვეწილი იუმორითა და, რაც მთავარია, თამადის ენამოსწრებული სადღეგრძელოებით. ჩვენთვის ყოველდღიურობა ტურისტებისთვის დაუვიწყარ ატრაქციად იქცა და ღვინის ტურის ფარგლებში საშუალება გექნებათ გახდეთ ნამდვილი ქართული სუფრის თანამონაწილეები.