ბათუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული ტურისტული ქალაქი, თავისი მდიდარი ბუნებით, ისტორიით, კულტურით და ტრადიციებით. ქალაქი 2000 წელზე მეტს ითვლის. ზღვისა და მთის საოცარი სიახლოვე აქ შთამბეჭდავ პეიზაჟებს ქმნის. ძველი და თანამედროვე ბათუმის მონახულება ქალაქის ისტორიაში გამოგზაურებთ და მის გამორჩეულ არქიტექტურას გაგაცნობთ.
ბათუმის ტურის ფარგლებში მოინახულებთ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც თავმოყრილია ძველ ბათუმსა და ბათუმის ბულვარში.
ბათუმის ტური იწყება ევროპის მოედნის მონახულებით, რომელიც გარშემორტყმულია XIX – XX საუკუნის არქიტექტურული ნაგებობებით. მოედანს ამშვენებს მედეას ქანდაკება ოქროს საწმისით ხელში, რომელიც ანტიკური საქართველოს დიდების და სიმდიდრის სიმბოლოა. მოედანს ასევე ალამაზებს შადრევანი, ირგვლივ განთავსებული კაფეები და რესტორები კი ადგილობრივების და ტურისტების თავშეყრის ადგილია.
ვაგრძელებთ ტურს ძველი ბათუმის ისტორიული ქუჩების გავლით პიაცას მოედნამდე. გზად ნახავთ ტრადიციულ ბათუმურ სახლებს ფერადი კარებით და ულამაზესი კოპწია აივნებით. ბათუმის პიაცაზე იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება და კონცერტი. მოედანი გამოირჩევა მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშებით. რესტორნებით, კაფეებითა და ბარებით შექმნილი ცოცხალი გარემო პიაცას მოედანს ხდის ძველი ბათუმის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად.
თქვენი ექსკურსია გრძელდება ბათუმის ერთ-ერთი ისტორიული, საინტერესო და ფუნქციური ადგილის, ბათუმის საზღვაო პორტის მონახულებით, რომლის საზღვაო-სავაჭრო ისტორია ანტიკური ხანიდან მოყოლებული არსებობს. ბათუმის პორტი ქალაქის განვითარების ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. პორტი ქალაქთან ერთად ვითარდებოდა და იზრდებოდა. 1878 წელს ბათუმის პორტს „პორტო-ფრანკო“-ს სტატუსი მიენიჭა და თავისუფალ პორტად ფუნქციონირებდა. დღესდღეობით, ბათუმის ნავსადგური ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია რეგიონში და გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში.
ქალაქის ტური ნავსადგურიდან ბათუმის ბულვარში გრძელდება, სადაც მოინახულებთ საოცრებათა პარკში განთავსებულ თანამედროვე ინსტალაციებს და არქიტექტორულ ნაგებობებს. ნახავთ მარადიული სიყვარულის სიმბოლოს - ცნობილ „ალი და ნინო“-ს ქანდაკებას, რომელიც წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის 8 მეტრიანი ფიგურებით. ისინი ათ წუთში ერთხელ კვეთენ ერთმანეთს და ერთ მთლიანობად იქცევიან. აქვეა ანბანის კოშკიც, რომელიც ქართულ უნიკალურ ანბანს ეძღვნება. ქართველები ენას საკუთარი იდენტობის განმსაზღვრელად მიიჩნევენ, ამიტომ კოშკს დნმ-ის სტრუქტურა აქვს. კოშკის სიმაღლე 130 მეტრია და მასზე დატანილია ქართული ანბანის 33 ასო, რომლებიც ღამით ნათდება. ანბანის კოშკის ბოლო სართულზე განთავსებულია რესტორანი ქალაქისა და ზღვის ულამაზესი ხედებით. რესტორანი საათში ერთ ბრუნს ასრულებს - 360 გრადუსით და სტუმართათვის იშლება ულამაზესი პანორამული ხედები.
ტური სრულდება ბათუმის ბულვარში გასეირნებით. ბათუმის ბულვარი არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ყველაზე ვიზიტირებადი ადგილი და ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ის 7 კილომეტრიან სასეირნო ბილიკებს, 40 ათასზე მეტ ხე - მცენარით წარმოდგენილ ულამაზეს ხეივნებს და გამორჩეულ ატრაქციებს მოიცავს. ბულვარის საუკუნოვანი ხეების ჩრდილში განტვირთვა ან ფიჭვის, დაფნის და ევკალიპტის ხეების ქვეშ სუფთა ჰაერით ტკბობა, ნამდვილ ნეტარებად შეიძლება ჩაითვალოს.